Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის წილზე დავა სასამართლომ არ განიხილა და ყადაღაც მოხსნა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა, - ამის თაობაზე განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.

საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანიის 60 %-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დაწყებულ დავას.

„სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა“.

ამის გათვალისწინებით, სასამართლომ გააუქმა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორის ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილზე დადებული ყადაღა.

„სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა გასული წლის 17 ოქტომბერს შეიტანეს. მათი განცხადებით, 2004 წელს გაფორმებული „ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ 60%-იანი წილი პაატა კარსანაძეს გადასცეს, მათ თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა. პაატა კარსანაძემ მათგან ნაყიდი წილი იმავე დღეს მიჰყიდა ქიბარ ხალვაშს“.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ან გაასაჩივრებენ, ან სარჩელს ხელახლა შეიტანენ. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც კოჟორიძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, სარჩელში ორი მოპასუხე იყო, ძირითადი მოპასუხე ქიბარ ხალვაში და მეორე მოპასუხე - პაატა კარსანიძე, ნომინალური ფიგურა, რომელმაც ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისგან მიღებული 60%-იანი წილი იმავე დღეს გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს.

„ქიბარ ხალვაშს ჩაბარდა სარჩელი და მან სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი და გაასაჩივეა დაყადაღება და ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ყადაღა. მოულოდნელად საქალაქო სასმართლომ, იმ მოტივით, რომ პაატა კარსანიძეს ვერ ჩაბარდა სარჩელი, ფოსტამ რომ ვერ ჩააბარა მის რეგისტირებულ მისამართლეზე სარჩელი, ამ მოტივით, მთლიანად სარჩელი დატოვა განუხილველი. ანუ მხოლოდ კარსანიძის ნაწილში კი არ დატოვა განუხილველი, მთლიანად განუხილველი დატოვა, რაც არასწორი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.

მისი სიტყვებით, „ფორმალურ-სამართლებრივი ტრიუკები ვერ შეცვლის მოცემულობას, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაუბრუნდეს თავის კანონიერ მესაკუთრეს“.

სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG