Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილის საქმე ხელახალ განხილვაში დააბრუნეს


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელსაც ვიოლეტა ხაჩიროვა ხელმძღვანელობდა, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე პროკურატურის საჩივარი განიხილა. კოლეგიამ გადახედა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენს, რომლითაც თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს.

მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს არ მოუხსნა წარდგენილი ბრალდებები, რომელიც ეხება თამარ მეარაყიშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პარალელურად და, აგრეთვე, ამავე გაყალბებული ე.წ. პასპორტის გამოყენებას.

კოლეგიამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სამოქალაქო აქტივისტს ერთი ბრალდება (მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება) მოუხსნა.

საბოლოოდ, მოსამართლეთა კოლეგიამ მეარაყიშვილის საქმის პირველ ინსტანციაში ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც თამარ მეარაყიშვილმა „ეხო კავკაზას“ უთხრა, ამ გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

16 იანვარს 2 წელი და 6 თვე გავიდა თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან. ამ ხნის განმავლობაში მას დარღვეული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფება. როგორც მეარაყიშვილი ამბობს, გამოძიებისთვის მიუღებელია მისი სამოქალაქო პოზიცია და „ეხო კავკაზასთან“ ურთიერთობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG