Accessibility links

logo-print logo-print

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აღარ ისარგებლებენ „სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით


გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგონია მეგან მარკლი ვეღარ ისარგებლებენ „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით, - გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულიდან შევა ძალაში. „ჰარი, მეგანი და არჩი ყოფელთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები“, - ამბობს დედოფალი ელისაბედ მეორე განცხადებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

განცხადებაში დედოფალი აღნიშნავს, რომ მრავალთვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი განხილვების შემდეგ ნაპოვნია პრინცი ჰარისა და მისი ოჯახისათვის მხარდამჭერი, კონსტრუქციული გზა:

„ვაღიარებ გამოწვევებს, რომლებიც მათ გაიარეს ინტენსიური დაკვირვების შედეგად ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, - აღნიშნავს დედოფალი ელისაბედ მეორე.

ბუკინგემის სასახლე, თავის მხრივ, იუწყება, რომ ჰარის და მეგანს მომავალში აღარ მოეთხოვებათ სამეფო მოვალეობების შესრულება, ფორმალურად ვეღარ იმოქმედებენ დედოფლის სახელით და ვეღარ ისარგებლებენ საჯარო ფონდით. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგონიამ გამოთქვეს ასევე სურვილი აანაზღაურონ ფროგმორის რეზიდენციის რემონტზე დახარჯული თანხა, რომლითაც ისინი ისარგებლებენ გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის დროს.

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, სასექსის ჰერცოგინია მეგანმა 8 იანვარს გამოაცხადეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის წევრების ოფიციალურ სტატუსზე. განცხადებაში ისინი წერდნენ, რომ აპირებენ თავიანთი დრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილონ.

ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ აღნიშნეს, რომ აპირებენ მუშაობა დაიწყონ, რათა სამეფო ოჯახისგან ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.გარდა ამისა, წყვილი აპირებს შექმნას საქველმოქმედო ორგანიზაცია.

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG