Accessibility links

site logo site logo

მეუფე გრიგოლი: სინოდი წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს, რა უშლის ხელს, ვერ გეტყვით


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ჟურნალისტებთან კომენტარში ამბობს, რომ წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს, თუმცა არ იცის, რატომ ვერ იკრიბება:

„მე ვიცი, რომ უნდა შეკრებილიყო წმინდა სინოდი და თუ რატომ არ შეიკრიბა, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა. ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო. რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ.

მედიის წარმომადგენელთა კითხვაზე, დააყენებს თუ არა იგი წმინდა სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე შუამდგომლობის საკითხს, უპასუხა, რომ დღის წესრიგის შედგენა მას არ ევალება:

„დღის წესრიგს მე არ ვადგენ და როგორც ნებისმიერი მღვდელმთავარი, ვეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში დავაყენოთ ყველა ის საკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ აქტუალურია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი სწორედ ეს არის.

ჩემთვის ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრი და პოზიცია არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. არ შემიძლია, ნამდვილად განვსაზღვრო, ვინ რას და რატომ აკეთებს. მე შემიძლია, ჩემს თავზე ვაგო პასუხი, ჩემი ქმედება ავხსნა. ჩემს ხელში ერთადერთი იარაღია სიტყვა, სიტყვას ვამბობთ და დანარჩენი, ვის რაშიც კონკრეტული შესაძლებლობები აქვთ, მათ უნდა გააკეთონ.

სინოდი არ არის აღმასრულებელი ორგანო ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა, ამას გვიჩვენებს ზოგიერთი გამოკითხვა და სინოდის თხოვნაზე გაცემული პასუხებიც. ეს მეტყველებს რეალურ გავლენებზე“, - უთხრა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს.

2017 წლის თებერვალში დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 9-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG