Accessibility links

logo-print logo-print

კიევში გადაასვენეს თეირანში თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ცხედრები


19 იანვარს კიევში გადაასვენეს უკრაინის იმ 11 მოქალაქის ცხედრები, რომლებიც დაიღუპნენ მაშინ, როცა ირანის არმიამ თეირანის აეროპორტიდან აფრენისას შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი. პარალელურად, 19 იანვარს გაღრმავდა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად აპირებს ირანი, ოფიციალურად ითანამშრომლოს ტრაგედიის საერთაშორისო გამოძიებასთან.

უკრაინის დროშებში გახვეული 11 კუბოს კიევში ჩატანისას გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრემიერ-მინისტრმა ოლექსი ჰონჩარუკმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. დაღუპულია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ცხრა თანამშრომელი და ორი მგზავრი. მათ გარდა, 8 იანვრის კატასტროფას ემსხვერპლა კიდევ 165 ადამიანი.

ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები გაზრდილი დაძაბულობის გამო საგანგებო რეჟიმზე იყვნენ გადასული, როცა რაკეტა შეცდომით ესროლეს სამგზავრო თვითმფრინავს. უკრაინა და კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებმაც მოქალაქეები დაკარგეს, მოითხოვენ ტრაგედიის "სრულ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე" გამოძიებას.

ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც გამოძიებას თეირანის მხრიდან ხელმძღვანელობს, როგორც ჩანს, უკან დაიხია პირობიდან, რომ საერთაშორისო ძალებს გაუზიარებდნენ თვითმფრინავიდან ამოღებულ შავ ყუთს. 19 იანვარს სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს ირანის სამოქალაქო ავიაციის ავარიათა გამოძიების უწყების ხელმძღვანელის, ჰასან რეზაიფერის სიტყვებს: "უკრაინული ბოინგიდან ჩანაწერები ირანელთა ხელშია და ჩვენ არ ვგეგმავთ მათ გარეთ გაგზავნას", - იუწყება სააგენტო ასოშიეიტედ პრესი. რეზაიფერი ამბობს, რომ გრძელდება მონაცემების წაკითხვის სამუშაოები, თუმცა "ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის" შავი ყუთების ქვეყნის გარეთ გაგზავნაზე.

17 იანვარს ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ, ავღანეთის, ბრიტანეთის, კანადის, შვედეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და ირანს სრული ანგარიშვალდებულება მოსთხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG