Accessibility links

site logo site logo

ხაზარაძე: კონგრესმენი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია ჩრდილოეთის ვექტორზე


მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამერიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის წერილის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მასში მკაფიოდაა გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა დასავლელი, კერძოდ, ამერიკელი პარტნიორების მიმართ. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამერიკელი კონგრესმენის შეფასება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს:

„და ეს არის უკვე მეორე განცხადება კონგრესმენების ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. და ეს პრაქტიკულად ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლება „ოცნების“ ხელმძღვანელობით, არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ბოლო დროს „ოცნების“ რიგები დატოვეს პროდასავლური კურსის ერთგულმა ადამიანებმა და გუნდში აღარ დარჩნენ პირები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ნდობას იწვევენ:

„შესაბამისად, ქვეყნის ეს კურსი არის აბსოლუტურად აცდენილი ჩვენს სახელმწიფოებრივ კურსთან, ეს კურსი არის ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ვერ ამბობს და ვერ ეუბნება უარს თავის პარტნიორებს რუსეთში და კრემლში და, შესაბამისად, ქვეყანა მიემართება სხვა მიმართულებით.

ჩვენ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, ამას შევცვლით. ჩვენ ვგმობთ ამ დამოკიდებულებას იმიტომ, რომ ამერიკელი ხალხის და სახელმწიფოს მხარდაჭერა არ არის რომელიმე პარტიის მიმართ მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. ღია წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. წერილში საუბარია ასევე ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG