Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანრი ოხანაშვილის მუქარის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს 7000 ლარის გირაო შეეფარდა


დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს აღკვეთის ღონისძიებად 7ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ვახტანგ რობაქიძის დაცვის მხარე. ადვოკატი აპირებს, მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. პროცესზე მან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და მასზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ფაქტზე მოკვლევა უნდა დაიწყოს სახელმწიფო ინსპექტორმა.

ინციდენტი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრს, ვახტანგ რობაქიძეს შორის 14 იანვარს, დაბა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მოხდა.

ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაფეში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფას აყენებდა და „გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მიახლოებას“, თუმცა, ეს აღიკვეთა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ვახტანგ რობაქიძე პოლიციამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა და სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. კაფეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც ეხება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას.

საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG