Accessibility links

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს


პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატობაზე უარს ამბობს. ინფორმაცია მან განცხადების სახით გაავრცელა.

ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, უსამართლოდ მიაჩნია ხელახლა გახდეს დეპუტატი პარტიული სიით კუთვნილი რიგითობით, მაშინ როცა ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა, მოგვიანებით კი პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„ერთი მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ აირჩეს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირებული ერთპალატიანი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა. შუალედური არჩევნები ყველა ყოფილ დეპუტატს წარმოუშობს უფლებას განმეორებით იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს იმავე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვას და მეორე წელს თუნდაც იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა მოუწევს, დაეთანხმოს პარლამენტის წევრად კვლავ გახდომას - სამართლიანად არ მიმაჩნია!.. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონი ამის უფლებას მაძლევს და თანაც დიდია ცდუნება იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუპასუხო პოლიტიკანების ცრუ ბრალდებებს, მეორედ ვაცხადებ უარს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ზაქარია ქუცნაშვილი პარტიული სიით პარლამენტში დეპუტატ ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე უნდა ყოფილიყო.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი 2019 წლის 12 დეკემბერს დატოვა და მიზეზად მოსამართლეთა 14-კაციანი სიის დამტკიცება დაასახელა.

პარლამენტმა 12 დეკემბერს კენჭისყრის შედეგად 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი, ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.

ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭი პარლამენტმა 2019 წლის წლის 3 სექტემბერს უყარა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით პარლამენტს მან თავად მიმართა.

ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა. ღონისძიების და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG