Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი ქალი: რა მნიშვნელობა აქვს სქესს, პოლიცია ყველას უნდა იცავდეს


„იმის ნაცვლად, რომ პოლიცია დაგვეხმაროს, თავადვე ცდილობენ, რომ გაგვაღიზიანონ და რაიმე ისეთი გვითხრან, რომ წყობილებიდან გამოვიდეთ. მერე ჩვენ გვაკავებენ ხოლმე - პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენაო“, - განაცხადა ტრანსგენდერმა ქალმა გაბრიელამ „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც გამოეხმაურა 18 იანვარს თბილისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც პოლიციელის შეურაცხყოფისათვის დააკავეს ორი ტრანსგენდერი ქალი და სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე.

ტრანსგენდერი ქალის გაბრიელას სიტყვებით, მნიშვნელოვანია სამართალდამცველები დისკრიმინაციის გარეშე მუშაობდნენ. თუმცა, მისი თქმით, ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟები ხშირად ჰომოფობიურ განწყობებს ავლენენ.

„რა მნიშვნელობა აქვს სქესს და ორიენტაციას, პოლიცია ყველას უნდა იცავდეს“, - ამბობს გაბრიელა.

მისი თქმით, 18 იანვრის საღამოსაც, როდესაც მათ პოლიცია გამოიძახეს, რადგან არასრულწლოვნები შეურაცხყოფას აყენებდნენ და შეშას ესროდნენ, საპატრულო ეკიპაჟმა არასრულწლოვნები ტერიტორიას გაარიდა და ტრანსგენდერთა მიმართულებით „გამაღიზიანებელი კომენტარები“ გააკეთა. ტრანგენდერ ქალებს გამოესარჩლნენ აქტივისტი ნატა ფერაძე და ტრანგენდერი ქალები - ამანდა ახმედოვა და ანი აშბა. ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 166 და 173 მუხლებით, რაც ხულიგნობას და სამართალდამცველთა მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლო პროცესამდე ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

18 იანვარს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებთან მოძრაობა „სირცხვილიას“ სახელით შეშის მისატანად იმყოფებოდა.

„ზამთარში ყოველდღე ვიყინებით ხოლმე და სიცივისგან რომ არ დავხოცილიყავით, შეშა გვჭირდებოდა“, - ამბობს ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა.

ტრანსგენდერი ქალების სასამართლო პროცესი 27 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG