Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ამბობს, რომ დაესწრება ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავ ღონისძიებას ისრაელში


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 22 და 23 იანვარს ისრაელში დაესწრება ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს.

გაზეთ The Times of Israel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა, ზელენსკი ამბობს, რომ ღონისძიებებს დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ იქ მისი სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი არ არის.

„ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მიგება. იქ ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ჩვენ იქ ვილაპარაკებთ თუ არა“, - ამბობს ზელენსკი.

თუმცა, ზელენსკი თვლის, რომ მას უნდა ჰქონდეს გამოსვლა ამ ღონისძიებაზე. „ვიცი, რომ ისრაელის მხარეს სხვა ფორმატი აქვს; ჩვენი სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული არ არის. ვთვლი, რომ იქ უნდა [ვილაპარაკო], მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წავალ“, - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ, რომელიც თავადაც ებრაელია, მოიყვანა უკრაინული სტატისტიკური მონაცემები, რომ მეორე მსოფლიო ომში, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ყოველი მეოთხე ებრაელი დღევანდელი უკრაინის ტერიტორიიდან იყო.

„ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც [ჰოლოკოსტის] ტრაგედიაში დაიღუპა, უკრაინელი ებრაელი იყო - დაწყებული ბაბი იარიდან, სადაც 150,000 უკრაინელი ებრაელი დახოცეს“, - ამბობს ზელენსკი.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1,1 მილიონი ადამიანი დაიღუპა, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის სასტიკი ოკუპაციის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG