Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთ-საქართველოს საზღვართან გადაკეტილი გზა გაიხსნა


სომხეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკასთან გადაკეტილი გზა გაიხსნა.

უწყლობის პრობლემის გასაპროტესტებლად შეკრებილმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც მათ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა.

მისი სიტყვებით, წყლის ცენტრალურ მაგისტრალს შეამოწმებენ, ჩაჭრიან ყველა უკანონო მიერთებას და მაგისტალიდან წამოსული წყლით გაივსება ცენტრალური ავზი, საიდანაც სასმელი წყალი სოფლის მოსახლეობას თანაბრად მიეწოდება. ამასთან, გაზაფხულზე მოიძიებენ წყლის დამატებით რესურსებს, რაც საბოლოოდ მოხსნის სოფლის სასმელი წლით მომარაგების პრობლემას.

„ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული უკანონო მიერთებები შემოწმდება და ყველა ჩაიჭრება. თქვენთან ერთად მივალთ და ვნახავთ. შეივსება წყლის ავზი ცენტრალური მაგისტრალიდან წამოსულ წყალით და შემდეგ ამ ავზიდან გადანაწილდება მომხმარებლებთან და აქედან მომარაგდება ყველა ფერმა და ყველა ოჯახი. ასევე გპირდებით, რომ აპრილში მოვიძიებთ დამატებით რესურსებს და ამ შემთხვევაში ჩვენ გადავჭრით წყლით მომარაგების პრობლემას“, - უთხრა ბესიკ ამირანაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

შეხვედრა ნინოწმინდის მერიის შენობაში გაიმართა. მას ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც ესწრებოდა. ერთსაათიანი ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება დანაპირებს ხვალვე არ შეასრულებს, ზეგიდან აქციას განაახლებენ.

ცენტრალური მაგისტრალი სომხეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკასთან 2 საათის განმავლობაში ადგილობრივ ფერმერებს ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი უწყლობას და სასმელი წყლის უსამართლო განაწილებას აპროტესტებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG