Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 21 იანვარს შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორის არიან: Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for Europe”.

გიორგი გახარია სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების - “Uniting Europe”-ის მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე ესტუმრება პრეზენტაციას - „Cool Kids on Blockchain“, რომელზეც წამყვანი შვეიცარიული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იქნებიან. ვიზიტი 24 იანვრამდე გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG