Accessibility links

logo-print logo-print

ელიზაბეთ რუდი: შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის, ჩორჩანასთან, როცა საოკუპაციო რეჟიმმა გადმოსწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა რუდმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს. ამის შესახებ პირველი განცხადება 13 იანვარს „ანტისაოკუპაციო მოძრაობამ“ გააკეთა და შესაბამისი ფოტო- და ვიდეომასალაც გაავრცელა. ფოტოებზე ტყის მასივში გაყვანილ ახალ გზაზე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და ღობეები ჩანს.

2019 წლის ზაფხულში, ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ტყეში ახალი გზის გაყვანა დაიწყო და მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დადგა ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG