Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში, სადეპორტაციო ცენტრში ინციდენტის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ქართული მხარე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და იქ მყოფი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. თავის მხრივ, იტალიის ელჩმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოხატეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით.

მომხდარის შესახებ, ასევე, დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს ქ. გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG