1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმია შევიდა. იმ ღამეს ბაქოში “თბილისის” გამზირსა და სხვა ქუჩებზე 130 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი დაიჭრა.
მოსკოვი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, რესპუბლიკები კი თავისუფლებას ითხოვდნენ და რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
1990 წლისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება უკვე დაწყებულია. რესპუბლიკები ყარაბაღისთვის იბრძვიან. საბჭოთა ჯარი სწორედ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის “მშვიდობის“ დამყარების საბაბით შედის ბაქოში.
ფოტომასალა, რომელიც ოცი იანვრის მოვლენებიდან შემოგვრჩა, ფოტოგრაფ შახ აივაზოვს ეკუთვნის. დღეს ის რადიო თავისუფლებასთან 30 წლის წინანდელ „შავი იანვრის“ ტრაგედიას იხსენებს.
რადიო თავისუფლება: შახ, როგორ აღმოჩნდით 30 წლის წინ ბაქოში და ხვდებოდით თუ არა, რომ ისტორიულ ფოტოებს იღებდით?
შახ აივაზოვი: 30 წლის წინ, 19 იანვარს, ბიჭვინთაში ვიყავი. ტელევიზიით გავიგე, რაც მოხდა, და 20-ში ღამითვე უკვე ბაქოში ჩავედი. ჯარი ისევ იდგა და აპარატურა რომ დაინახეს, მითხრეს, გადაღება არ შეიძლებაო. უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი, ჩუმად ვიღებდი - ერთ-ერთი სასტუმროს მეცხრე სართულზე ფარდის უკან ვიდექი და ვიცოდი, ვინმეს რომ დავენახე, მომკლავდნენ. ზემოდან გადაღებას რომ მოვრჩი, ქვევით პატარა კამერით ჩავედი. ქუჩაში ხალხის უკან ვდგებოდი ხოლმე და ასე ვცდილობდი იმის დაფიქსირებას, რასაც ვხედავდი.
ერთადერთი, რისი გადაღების უფლებაც მოგვცეს, დასაფლავების პროცესი იყო, მაგრამ ჯარის გადაღება მკაცრად გვეკრძალებოდა. მე მაინც ვიღებდი. ვიცოდი, რომ ისტორიისთვის კადრები უნდა შემომენახა.
რადიო თავისუფლება: რატომ არის მნიშვნელოვანი გვახსოვდეს ის, რაც აზერბაიჯანში 1990 წელს მოხდა?
შახ აივაზოვი: დიდი ხანია, მინდა, რომ ჩემი ფოტოარქივი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადო - სადმე მუდმივი გამოფენა გავაკეთო, მაგრამ ვერავის გავაგებინე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, ომი რა არის, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს.
რადიო თავისუფლება: რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის იქ ყოფნას? როგორი იყო გადაღების პროცესი?
შახ აივაზოვი: შვილმოკლული მშობლების ტირილს ვიღებდი და თავს ვირწმუნებდი, აუცილებელია ამის გაკეთება - რასაც შენ ხედავ, სხვებსაც უნდა აჩვენო-მეთქი, მაგრამ თან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. კიდეც მეშინოდა, მაგრამ როდესაც აპარატი ხელში მიჭირავს, შიში მალევე ქრება ხოლმე.
დღესაც, როდესაც ამ ფოტოებს ვუყურებ, ასე მგონია, ისევ იქ ვარ, ისევ 1990 წელია. მიუხედავად იმისა, რომ ომის გადაღება ყველაზე საშინელი პროცესია, როდესაც ომის კადრებს მოვკრავ ხოლმე თვალს, ვფიქრობ, რატომ არ ვარ იქ?! - დაავადებული ვარ ამით.
რადიო თავისუფლება: ავლებდით თუ არა პარალელს გადაღების პროცესში 9 აპრილსა და 20 იანვრის მოვლენებს შორის?
შახ აივაზოვი: 9 აპრილს გვიან ღამემდე ვაშუქებდი აქციას. დაახლოებით, 11 საათისთვის სახლში წავედი. ვიფიქრე, დანარჩენს ხვალ გადავიღებ-მეთქი. მერე მოხდა ის, რაც მოხდა. როდესაც ბაქოში 21 იანვრის გლოვას ვიღებდი, ვიაზრებდი, რომ აქაც, ისევე როგორც 9 აპრილის შემთხვევაში, ერთი დღით დავიგვიანე - ყველაზე მნიშვნელოვანი არ მქონდა ფირზე აღბეჭდილი.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, აქვს თუ არა განსხვავებული მნიშვნელობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის სიტყვას „თავისუფლება“?
შახ აივაზოვი: ჩემთვის სწორედ ის ხალხია „თავისუფლება“, ვინც 20 ივნისს ბაქოში იდგა და ისინიც, ვინც 9 აპრილს თბილისში საბჭოთა რეჟიმს აპროტესტებდნენ. ძალიან ღირებულია ჩემთვის ეს განცდა, ისევე როგორც კიდევ სხვა უამრავი აზრბაიჯანელისა თუ ქართველისათვის.
რადიო თავისუფლება: გაქვთ თუ არა ფოტო, რომელიც თქვენთვის ყველაზე უკეთ ასახავს „შავი იანვრის“ ტრაგედიას?
შახ აივაზოვი: ერთი ფოტო მაქვს, სადაც ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი მყავს გადაღებული. „შავ იანვარს“ შეეწირა ორივე. დაკრძალვისას მშობლები ტიროდნენ, ერთი თვის დაქორწინებულებიც არ იყვნენო. როგორც მითხრეს, ოცში ცოლი მარტო არ უშვებდა მანიფესტაციაზე ქმარს, მეც შენთან ერთად წამოვალო, - ეუბნებოდა. ორივე ერთად წავიდა და შინ არც ერთი აღარ დაბრუნებულა.
რადიო თავისუფლება: რა ემოცია აქვთ იმ ადამიანებს, ვინც თავად იყო „შავი იანრვის“ ტრაგედიის მომსწრე, თქვენი ფოტოების ნახვისას?
შახ აივაზოვი: მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არქივი. ერთხელ აფხაზეთის ომზე გამოფენა მოვაწყვე. ერთი ქალი იდგა ფოტოსთან და ტიროდა. რომ დამინახა, მითხრა, თავად ვარ დევნილი და თქვენი ფოტოების საშუალებით იმდენი ნაცნობი ვნახე და ისე ზუსტად გავიხსენე ის ქუჩები, სადაც ვცხოვრობდი, რომ რამდენიმე წუთით წარსულში დავბრუნდიო. ფოტოხელოვნებას ასეთი ძალა აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისტორია ფირზე აღიბეჭდოს.