Accessibility links

logo-print logo-print

დეპუტატის მიმართ მუქარაში ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

ვახტანგ რობაქიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან 14 იანვარს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 20 იანვარს „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ პოლიციელმა მუცელში დაარტყა. იმავე დღეს რობაქიძის ადვოკატმა მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვის შემდეგ, გვიან ღამით, ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის დასმული შეკითხვები საქმეს ეხებოდა: „ჩემ დაზიანებებს ეხებოდა ეს კითხვები, ჩემს მიერ სამართალდარღვევის ფაქტებს ეხებოდა ეს კითხვები. დეტალურად გადავეცი ის ინფორმაცია, ის მასალები, რაც ჩემი აზრით, საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ობიექტური გამოძიება დადგეს ამ საქმესთან დაკავშირებით“. რობაქიძის ინფორმაციით, ვიზუალურად შეძლებს ამოიცნოს პირი, რომელსაც ბრალს ძალადობაში სდებს. მისივე განცხადებით, დღეს, 21 იანვარს, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზას ჩაიტარებს.

პოლიციამ ვახტანგ რობაქიძე 14 იანვარს დააკავა, რასაც წინ უძღოდა დაბა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაფეში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფას აყენებდა და „გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მიახლოებას“, თუმცა, ეს აღიკვეთა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ვახტანგ რობაქიძე, რომელიც თავდაპირველად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, აცხადებს, რომ ოხანაშვილს მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი უწოდა. რობაქიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მუქარის მუხლითაა აღძრული. 19 იანვარს, ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს აღკვეთის ღონისძიებად 7 000 ლარის გირაო შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG