Accessibility links

ნინო ლომჯარია: ციხის კრიმინალური სუბკულტურის გავლენა დღესაც აქტიურად გამოიყენება


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

„პენიტენციარულ დაწესებულებებში ციხის კრიმინალური სუბკულტურის გავლენა სხვადასხვა გამოვლინებებით არსებობს, რა თქმა უნდა, უკვე რამოდენიმე ათეული წელია, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც აქტიურად გამოიყენება და გულისხმობს ე.წ. მაყურებლების მიერ წესრიგის შენარჩუნებას“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

ლომჯარიამ კომიტეტს წარუდგინა ანგარიში მეორე, მერვე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ზაფხულში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.

სახალხო დამცველის შეფასებით, „დაწესებულებებში არ არის ძალადობისაგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობაში, რომელიც პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი ხშირად ხდება“.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშსაც, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებაში არსებობს პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე დაფუძნებული, განსაკუთრებით სახიფათო ურთიერთობები და ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ ე.წ. მაყურებლებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი, წესრიგის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

„სამწუხაროდ, პენიტენციარულ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის, სინამდვილეში, ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან ან თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში უაღრესად დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება დააყენოს იქ არსებული უსაფრთხოება, პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა გაიხსენა 2015 წელს, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმრის მიმართ „პრივილეგირებული პატიმრების“ მხრიდან ძალადობა, რომელიც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა წამებად შეაფასეს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, წესრიგის და უსაფრთხოების კუთხით რისკი კიდევ უფრო მეტია ნახევრად ღია დაწესებულებებში, ე.წ. ზონებში, სადაც ე.წ. მაყურებლები იმყოფებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს.

ლომჯარიას ინფორმაციით, მე-14 და მე-15 დაწესებულებებში პატიმრებთან გასაუბრების დროს, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს კორპუსში და ეზოში დაყვებოდა მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი და სხვა მსჯავრდებულებს არ აძლევდნენ გულახდილად საუბრის საშუალებას.

სახალხო დამცველის თქმით, მონიტორინგით დადგინდა, რომ არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად, გამოიხატება გამოძალვაში, დამცირებასა და გარიყვაში.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიიღეს ინფორმაცია, რომ დახურული ტიპის მეორე დაწესებულებაში, სადაც პატიმრები 23 საათის განმავლობაში საკანში იმყოფებიან, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. საერთოს, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურადაც უსწორდებიან.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მერვე დაწესებულებაში არიან ადმინისტრაციასთან დაახლოებული მსჯავრდებულები, რომლებსაც გარკვეული გავლენა აქვთ პატიმრებზე და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია მათ იყენებს პატიმრებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად - შიმშილობის დაწყების, საჩივრის დაწერის, ან სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის და კონფლიქტური სიტუაციების დროს.

სახალხო დამცველის შეფასებით, არაფორმალური მმართველობის დაძლევა მოითხოვს მრავალკომპონენტიანი სტრატეგიის შემუშავებას, სახელმწიფომ პირველ ყოვლისა, უნდა აღკვეთოს არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირება და შეასრულოს წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG