Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელიზაბეთ რუდი: C ჰეპატიტის პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ


ეკატერინე ტიკარაძე, ელიზაბეთ რუდი
ეკატერინე ტიკარაძე, ელიზაბეთ რუდი

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეთ რუდთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა ხაზი გაუსვა პროგრამის წარმატებას და განაცხადა, რომ ამერიკის მხარე მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს:

„განვიხილეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ასევე ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ ჩართულობით.

ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ.

იმ წამლების რაოდენობა, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მომწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც იმავე სახის განცხადება გაავრცელა. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი და მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც სახელმწიფო, C ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით, აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული კი ქვეყანასაც დაეხმარება, მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

თავად სააგენტოში ამას ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG