Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: მივმართე ევროკავშირის წარმომადგენელს, "ბორდერიზაციის" საკითხი მწვავედ დააყენოს


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა მედიასთან განმარტა, რომ ტოივო კლაართან საუბარში უკანონო პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

„ტოივო კლაართან შეხვედრისას გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მკაფიოდ დავაფიქსირე საქართველოს პოზიცია იმ არაკანონიერ საოკუპაციო პროცესებთან მიმართებაში, რაც არის დაკავშირებული ე.წ. ბორდერიზაციასთან. ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის პროცესში, მივმართე, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით იყოს დაყენებული მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან კომუნიკაციის დროს“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება საკუთარი უკანონო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამ პროცესის შეჩერება აუცილებელია. მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნება მისი ვიზიტების დროს სტრასბურგსა და ვენაში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს ფორმატში, ასევე ვენაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს ფარგლებში.

მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული მხარე წარადგენს თანათავმჯდომარეებთან წინადადებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გასახსნელად. ტოივო კლაარის თანახმად, სწორედ აღნიშნული საკითხი და საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი საკითხები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან თანათავმჯდომარეების შეხვედრისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG