Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში ჩასვლა შესაძლოა, ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც შეიზღუდოს


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, გააფართოვოს ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა აკრძალული აქვთ და ამ სიაში შეიტანოს ბელარუსიც. ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ გამოცემები Politico და The Wall Street Journal-ი. პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ჩამონათვალის გაფართოების საკითხი განიხილება, თუმცა, კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა.

წინასწარი ინფორმაციით, ბელარუსის გარდა შეზღუდვები დაუწესდებათ ყირგიზეთს, მიანმას, ნიგერიას, სუდანს, ტანზანიას და ერითრეას. გამოცემები წერენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იქნება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. საბოლოო სიის გამოქვეყნებას 27 იანვრისთვის ელოდებიან.

2017 წლის იანვარში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით, აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა ირანის, ერაყის, სირიის, ლიბიის, იემენის, სომალის, ჩადის და სუდანის მოქალაქეებს. ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა და რელიგიური ნიშნით დევნად შეაფასეს, რაც არ გაიზიარა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ სიის შესაძლო გაფართოებაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა, განაცხადა, რომ პრეზიდენტის პირველი, 2017 წლის განკარგულება წარმატებული იყო და მნიშვნელოვნად გაზარდა ამერიკის უსაფრთხოების დონე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG