Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი


დავით ზალკალიანი, სტეფ ბლოკი
დავით ზალკალიანი, სტეფ ბლოკი

საქართველო აფასებს ნიდერლანდის სამეფოს მხრიდან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მათ მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში - განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კოლეგასთან, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფ ბლოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ნიდერლანდელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ბოლო პერიოდში სადამკვირვებლო მისიაში მონიტორების რაოდენობის გაორმაგების გამო.

სიმწვავიდან გამომდინარე, ცხადია ვრცლად განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციაა - ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მიმდინარე ოკუპაცია, ის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ის მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამშვები პუნქტების დახურვის პროცესი და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაზრდა, ყველა არსებული მექანიზმის და ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ვალდებულებები“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე, რომელიც წინ უძღვოდა პრესკონფერენციას, მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ნიდერლანდი მოწინავე პოზიციებს იკავებს საქართველოს წამყვან ინვესტორთა შორის და ნიდერლანდური კომპანიები წარმატებით ოპერირებენ ქართულ ბაზარზე.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოსა და ნიდერლანდის საერთო ხედვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას უკავშირდება.

თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა როგორც სტაბილურობის ფაქტორით, ასევე ისეთი ღირებულებებით, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია. მისი თქმით, ნიდერლანდის სამეფოს მოლოდინია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება:

„ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მნიშვნელოვანია ავმაღლდეთ იმაზე, რაც ჩვენ გვაშორებს ერთმანეთს და ჩავატაროთ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, რაც საქართველოს გააძლიერებს როგორც დემოკრატიას. ნიდერლანდი გააგრძელებს საქართველოს მოკავშირეობას რეფორმირების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. თქვენი რეფორმირების ძალისხმევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“-განაცხადა ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე ადამიანის უფლებების გართულებული მდგომარეობის გამო.

ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 21-22 იანვარს ეწვია. 10 წლიანი პაუზის შემდეგ ეს ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG