Accessibility links

site logo site logo

საპროცესო შეთანხმებას ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის ადვოკატიც ითხოვს


ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე

არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ-ს ადვოკატმა პროკურატურას მიმართა განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ეს გადაწყვეტილება დღეს, 22 იანვარს აცნობა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელიც ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა საქმეს განიხილავს. დაცვის მხარის განცხადების გამო, საქმის განხილვა 24 იანვრამდე გადაიდო. მომდევნო სხდომამდე პროკურატურის პოზიცია უნდა გაირკვეს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი მოლოდინი არა მაქვს გარკვეული ნეგატიური გავლენებიდან გამომდინარე, რაც მოხდა ორ ოჯახს შორის. იყო კონკრეტული პირი, თუ პიროვნებები, ვინც შეეცადა არასწორი ინფორმაციით ოჯახებს შორის დადებითი როლი ეთამაშა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა, პირიქით, არასწორი ინფორმაციის მიტანა ხდება უფრო მეტი ნეგატიური შედეგის გამომწვევი“, - უთხრა ჟურნალისტებს რამაზ ჩინჩალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ადვოკატმა ყველას მიმართა, რომ შეთანხმების გარეშე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის სახელით ნუ მივლენ ლევან დადუნაშვილის ოჯახთან შერიგებისა და მოლაპარაკების მიზნით.

უზენაეს სასამართლოში დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ მედიას აცნობა, რომ მიღწეულია საპროცესო შეთანხმება დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ-ს დაცვის მხარესთან: „ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება“.

ნადირაძემ საპროცესო შეთანხმების დეტალები არ დაასახელა იმ მოტივით, რომ საქმის განხილვა დახურულია.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს კი, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG