Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ანქვაბმა მოსახლეობისადმი აფხაზეთის "პარლამენტის" მიმართვის პროექტი დახია


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ვერ მიიღო მოსახლეობისადმი მიმართვა, რომლის პროექტი ე.წ. სპიკერმა, ვალერი ქვარჩიამ წარმოადგინა.

დე ფაქტო პარლამენტი - სახალხო კრება 22 იანვარს განიხილავდა აფხაზეთში შექმნილ რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას, რომლის სტაბილიზაციის მიზნით, ქვარჩიამ დეპუტატებს მიმართვის მიღება შესთავაზა.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტის ინფორმაციით, ვალერი ქვარჩიამ სხდომაზე განაცხადა, რომ დაირღვა „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას მონაწილეობით „პარლამენტში“ 18 იანვარს გამართულ დახურულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება, რომ 22 მარტის „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ არანაირი საკადრო ცვლილებები არ მოხდებოდა. ქვარჩიას თქმით, მიუხედავად ამისა, თანამდებობები დატოვა გადამდგარი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელმა.

„არიან რაღაც ჯგუფები, დადიან და ტოვებენ წერილებს ამა თუ იმ ჩინოვნიკის გათავისუფლების მოთხოვნით, საკუთარ კანდიდატურებს სთავაზობენ და ზეწოლას ახდენენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე. ის ნერვიულობს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. რა საჭიროა და ვის სჭირდება სიტუაციის დაძაბვა? ეს საკითხები აღელვებს ბევრ დეპუტატს, ჟურნალისტებს და მთელ ჩვენს ხალხს. მოდით დავმშვიდდეთ, მოვემზადოთ განმეორებითი არჩევნებისთვის და ამისთვის ნორმალური პირობები შევქმნათ“, - ასე მიმართა სპიკერმა ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს. ერთ-ერთი მათგანის, დიმიტრი დბარის განცხადებით, ქვეყნის მართვა რთული საქმეა და ვალერი ბგანბას ეს უნდა ესმოდეს, ხოლო რაც შეეხება ნერვიულობას, დეპუტატებიც ნერვიულობენ და ხალხიც ნერვიულობს იმის გამო, რომ პენსია 500 რუბლია.

ე.წ. პარლამენტის წევრების ნაწილი დაინტერესდა, თუ „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელზე ზეწოლაა, რატომ არ მიიწვიეს „პარლამენტის“ სხდომაზე ამ თემაზე სალაპარაკოდ. საპასუხოდ ითქვა, რომ ბგანბა მიწვეული იყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ილია გუნიას განცხადებით, ავადმყოფობას ვალერი ბგანბასთვის ხელი არ შეუშლია, რომ 22 იანვარს „უშიშროების საბჭის მდივნად“ დაენიშნა ბესლან კვიცინია.

რაც შეეხება დე ფაქტო სპიკერის მიერ შეთავაზებულ მიმართვის პროექტს, ის მხოლოდ „პარლამენტის“ წევრებს დაურიგეს და ჟურნალისტებისთვის არ უჩვენებიათ.

ამ პროექტით აღშფოთებულმა დეპუტატმა რაულ ლოლუამ განაცხადა, რომ მიმართვა ხელს უწყობს დაპირისპირების გაღრმავებას: „გინდათ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის ფედერაციასაც შეეჯახოს? ყველა საკითხი უნდა ავწონ-დავწონოთ მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მთელი სადეპუტატო კორპუსის მიმართვას. ბევრი მოძრაობაა სხვადასხვა მიმართულებით. ასეთი დოკუმენტი უნდა დავხიოთ და გადავაგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დაპირისპირებამდე მივიყვანთ“.

როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იუწყება, ამ გამოსვლის დროს მიმართვის პროექტი დახია „პარლამენტის“ წევრმა ალექსანდრ ანქვაბმა. საბოლოოდ, დე ფაქტო პარლამენტმა მოსახლეობისადმი მიმართვის მიღებაზე უარი თქვა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება იანვრის შუა რიცხვებიდან დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ხაჯიმბამ „სახალხო კრებას“ 12 იანვარს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე უარი თქვა რაულ ხაჯიმბამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG