Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მონაწილეობს


იერუსალიმში გაიხსნა მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმი, რომელშიც 45-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი თქმით, საქართველოსთვის პატივია მონაწილეობა ფორუმში, რომელიც მსოფლიო მოვლენაა: „ეს ღონისძიება გზავნილია დღევანდელი მსოფლიოსათვის, რომ არ შეიძლება განმეორდეს სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც ვხედავთ მთელს მსოფლიოში და რასაც შეიძლება, შემდეგ რასიზმი და დისკრიმინაცია მოჰყვეს“.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ ცენტრში, „იად ვაშემში“ მიმდინარე ფორუმი ეძღვნება აუშვიცის(ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 75-ე წლისთავს. ფორუმზე სიტყვით გამომსვლელთა შორის არიან ისრაელის, გერმანიის, რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტები.

ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობაზე უარი თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ. მისი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფორუმის ორგანიზატორებმა არ მისცეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, მაშინ, როცა ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

პოლონეთში უმწვავესი რეაქცია მოჰყვა პუტინის მიერ დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პოლონეთი ჰიტლერთან თანამშრომლობდა და ამიტომ, პასუხისმგებლობა პოლონეთსაც ეკისრება. ამ განცხადების გამო, პოლონეთმა რუსეთის პრეზიდენტი ისტორიის გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა.

ფორუმში მონაწილეობაზე უარი თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც.

27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, პოლონეთში აღნიშავენ აუშვიცის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 75-ე წლისთავს, რომელზეც პოლონეთის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტი არ მიიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG