Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

76-ე ბაგა-ბაღის მუშაობის შეწყვეტის მიზეზად ბიოგაზს ასახელებენ


ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის 14-ში მდებარე ბაგა-ბაღთან შეკრებილებს აინტერესებდათ, დღემდე რატომ არ განახლდა სააღმზრდელო პროცესი.

ადგილზე მისული თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძემ აქციის მონაწილეებთან საუბარში სააღმზდელო პროცესის გაჩერება „თბილისი-ენერჯის“ წინასწარ შეფასებას დაუკავშირა, რომლის თანახმად, ბაღის სიახლოვეს, სავარაუდოდ, ბიოგაზის წყარო არის აღმოჩენილი.

„პირველი რიგის ამოცანა იყო დაგვედგინა, ბუნებრივი აირი იყო თუ არა. გვაქვს „თბილისი-ენერჯის“ პასუხი, რომ ეს ბუნებრივი აირი არ არის, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს არის ბიოგაზი, ზღვარს ზემოთ. მათი შესაძლებლობები არ იძლევა იმის საშუალებას, დადგინდეს, ეს რა გაზია. ამის შემდგომ მივმართეთ გარემოს დაცვის სააგენტოს, მათაც ანალოგიურად გვიპასუხეს, რომ მათი კომპეტენცია ეს არ არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მივმართეთ, რომლისგანაც 22 იანვარს მივიღეთ პასუხი, რომ ბაღის ფუნქციონირება არ შეიძლება. გარდა ამისა, შევხვდით კომპანიებს, რომლებმაც უნდა დაადგინონ მეთანის შემცველობა, რაც მარტივი არ არის. ამას ექსპერტული დასკვნა სჭირდება. დღეს, 23 იანვარს იყვნენ მოსულები, ხუთი სამუშაო დღე ითხოვეს ამის დასადგენად. რამდენიმე კომპანიასთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, ერთ-ერთი კომპანია მოვიდა, რომელიც დაგვიდებს საკუთარ დასკვნას“, - ამბობს კახა გვანცელაძე.

შეკრებილების უკმაყოფილება ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ერთმა ფრაზამ გამოიწვია: „პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიული ფართის მოძიებაზე“.

„სწორედ, ეს აჩენს ეჭვს“, - მიმართა მას აქციაზე მყოფმა „ერთიანი ნაციონაალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბესო გაზდელიანმა და გვანცელაძეს პირობის დადება მოსთხოვა, - „სიტყვა მოგვეცით, რომ ბაგა-ბაღის შენობა არ გაიყიდება“.

სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს: „არ გაიყიდება!“

გაზდელიანის მტკიცებით, ბაღის სიახლოვეს გაზის სუნი არ იგრძნობა, მიუხედავად ამისა, ბაღის ადმინისტრაცია საპირისპიროს ამტკიცებს.

„თქვენი რიტორიკა უფრო მომწამვლელია, ვიდრე ეს გაზი“, - გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

76-ე ბაგა-ბაღის „ფეისბუკ“-გვერდზე მართლაც ვკითხულობთ 20 იანვარს გამოქვეყნებული შემდეგ ინფორმაციას: „ძვირფასო მშობლებო! ბაგა-ბაღის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ბიო გაზი. მიმდინარეობს კვლევა, რომელიც გაგრძელდება 2კვირის განმავლობაში. ბაღის რამდენიმე სააღმზრდელო ჯგუფში აღმოჩნდა საკმაო რაოდენობის მომწამვლელი აირი. ამიტომ ვწყვეტთ პროცესს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოსთან შეთანხმებით. სიახლეს შეგატყობინებთ ჩვენს გვერდზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG