Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში საშიში ვირუსით გარდაცვალების კიდევ რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა


ჩინეთში ახალი სახეობის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულების 830-მდე - ამის შესახებ დღეს, 24 იანვარს განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვმა ერთ დღეში 7-ით მოიმატა, ინფიცირებულების კი, თითქმის 200-ით.

საშიში ვირუსით ადამიანის ინფიცირების კიდევ 2-2 შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. ცნობილია, რომ სულ მცირე ერთი მათგანი იაპონიაში ჩავიდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. 2019 წლის დეკემბრის ბოლოს სწორედ უჰანში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები.

ჩინეთის ხელისუფლებამ 12 მილიონიან უჰანში კარანტინი გამოაცხადა. ქალაქის შესასვლელები და გასასვლელები დაკეტილია, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სატრანსპორტო მიმოსვლა ნაწილობრივ შეიზღუდა ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც. საშიში ვირუსის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა პეკინში, 25 იანვარს დაგეგმილი მასშტაბური ზეიმი მთვარის კალენდრით ახალი წლის აღსანიშნავად.

ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია სინგაპურში, ტაილანდში, ვიეტნამში, აშშ-სა და საუდის არაბეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით არ აცხადებს საგანგებო ვითარებას საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში. ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი საკითხის განხილვას დღეს გააგრძელებს.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. ჩინეთის ქალაქ უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან, სადაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქათმის და კურდღლის ხორცს და გველებსაც ყიდდნენ. ჩინელი ვირუსოლოგები ფიქრობენ, რომ ვირუსის მატარებელი გველი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG