Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NCDC-მ ახალი კორონავირუსის გამო ინფექციურ კლინიკებს მითითებები მისცა


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა(NCDC) ინფექციური პროფილის საავადმყოფოებს გაუგზავნა დეტალური ინფორმაცია და რეკომენდაციები ჩინეთში გამოვლენილი, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შესახებ, რომლის შემთხვევები მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მზადყოფნა, რათა მოხდეს ინფექციის დროულად გამოვლენა, გავრცელების პრევენცია და პაციენტების მართვა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საავადმყოფოებს მიმართავს, გამოავლინონ თითოეული შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ დროებით განსაზღვრებას:

შესაძლო შემთხვევა

პაციენტი მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციით, რომელსაც აღენიშნება ცხელება, ხველა და საჭიროებს კლინიკაში მიმართვას და არ უკავშირდება სხვა ეტიოლოგიას (კლინიცისტებმა იმუნოკომპრომისულ პაციენტებში ყურადღება უნდა მიაქციონ შესაძლო ატიპიურ მანიფესტაციას) და სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე, მოგზაურობდა ან ცხოვრობდა უჰანში(ჰუბეის პროვინცია, ჩინეთი);

სავარაუდო შემთხვევა

შესაძლო შემთხვევა რომლის ტესტირებისას არის გაურკვეველი შედეგი ან დადასტურება მოხდა პან-კორონავირუსზე კვლევით;

დადასტურებული შემთხვევა

პირი, ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) ინფექციით, კლინიკური გამოვლინებებისა და სიმპტომებისგან დამოუკიდებლად;

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები მოგზაურებისთვისაც, თუ რა უნდა გააკეთონ ახალი კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG