Accessibility links

logo-print logo-print

ზაზა სარალიძე: შთამომავალი მომიკლეს, მიგინეს, რა პასუხი გინდათ?!


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასართლოს დარბაზი ხმაურით დატოვა და ჟურნალისტებთან ხმამაღალი და ემოციური განცხადებები გააკეთა.

„რაზე მელაპარაკებით, საერთოდ, მთელი საქართველო? ამიხსენით, რაზე მელაპარაკებით? კანონმა მითხრა, 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ? ხალხი არ ხართ? რაზე მისვამთ კითხვას? ამ ჩემს ფეხებს, თუ გამოუშვებენ! 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან! რა მნიშვნელობა აქვს?! შთამომავალი, რომელიც მომიკლა კალანდიების და სუბელიანის ოჯახმა, გუშინ მიგინა, რა პასუხი გინდათ?!“ - უთხრა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობდა. სასამართლო სხდომა ახალი დაწყებული იყო, როდესაც დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.

დარბაზის დატოვებამდე მან კალანდიას უფლებადამცველებს ხმამაღლა მისამართა:

„მე როგორც ვხედავ, აქ აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ, რის შემდეგაც ბრალდების მხარის მისამართით ფოტოები ისროლა.

ამის შემდეგ ზაზა სარალიძემ დარბაზი დატოვა. მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით კი, ზაზა სარალიძემ პასუხი ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს და არა მათ.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს კი, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა, დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG