Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა


სამართალდამცველებმა გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ., - იუწყება შსს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის [გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრის] დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG