Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ ცინცაძე ხაბეიშვილის ცემაზე: ჩხუბში ვერ ზომავ, ერთხელ მოხვდება თუ ორჯერ


თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილისადმი ძალადობა მისმა საქციელმა გამოიწვია.

ავთანდილ ცინცაძე ერთ-ერთია თბილისის საკრებულოს იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

„მოხდა, სამწუხაროდ, ჩხუბი. ჩხუბში ვერავინ ვერ ზომავს, ერთხელ მოხვდება თუ ორჯერ. თავის ბრალია... ფიზიკური ძალადობა, რა თქმა უნდა, არ უნდა გამართლდეს და არ არის საჭირო ფიზიკური ძალადობა, მაგრამ მოხდა ეს, ამას საფუძველი ჩაუყარა თვითონ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე.

მოგვიანებით, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის თანახმად, სხდომაზე დაპირისპრება მოჰყვა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომელიც საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხს უკავშირდებოდა.

​დაპირისპირების შესახებ ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG