Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხელაშვილი ახალგორთან ე.წ. საზღვრის დროებით გახსნაზე: ეს არ არის შედეგი, რაც უნდა დადგეს


ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დადებითად აფასებს ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის განმავლობაში დაკეტილი ე.წ. საზღვრის „გარკვეული ვადით“ გახსნას, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის ის შედეგი, რაც უპირობოდ უნდა დადგეს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტი სრულად უნდა გაიხსნას და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავი უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, არის კარგი, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს ეხლა აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა. აუცილებელი იქნება, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს გადაადგილების შესაძლებლობა. და, რა თქმა უნდა, შემდგომ აღარანაირი დაბრკოლება იმისა, რომ იმოძრაონ, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, ისევ გადმოკვეთონ და ასე შემდგომ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარში, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა, მან აღნიშნა, რომ 24 იანვარს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარსა და მის გუნდთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ახალგორის მიმართულებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი იყო.

„აუცილებელია იმ გამოწვევების დაძლევა, რასაც ადგილი აქვს, მაგალითად, წნელისის და ჩორჩანას მიდამოში. ეს არის უსაფრთხოებასთან და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ ახალგორთან ჩორჩანას საკითხის ჩაბმა სრულიად დაუშვებელია“, - ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია ასევე გარკვეული მიზნების მიღწევა მოსახლეობის მძევლად აყვანის ფორმით.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებით გახსნა ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი.

პენსიონერების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG