Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყებამ მიუსამძიმრა თურქ ხალხს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა.

25 იანვრის დილის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათიაში გამოიწვია. მათივე ცნობით, ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში, ქვეყნის შვიდ რეგიონში დაშავებულთა რიცხვი უკვე 1015-ს აღწევს.

აღმოსავლეთ თურქეთში, 24 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG