Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

USAID საქართველოში იწყებს 7 მლნ დოლარის საგანმანათლებლო პროგრამას


საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, ამერკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მორიგ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის მიხედვითაც, Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) - პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.

„USAID იწყებს ახალ, მასშტაბურ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და “ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG