Accessibility links

logo-print logo-print

შემოწმდებიან ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს.

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურის მქონე მგზავრებს ექნებათ საშუალება, გაიარონ საწყისი, წინასწარი შეფასება ადგილზევე, ვიდრე მოხდება მათი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

თამარ გაბუნიას თქმით, საშიშროებას არ წარმოადგენს ჩინეთიდან ტრანსპორტირებული ტვირთები.

„კორონავირუსი გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ამ შემთხვევაში, ვირუსის გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტი. იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი, ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები აღწერილი არ არის. ამდენად, ჩვეულებრივ ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად, ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაიცემა. ამდენად, ამისი საშიშროება, რა თქმა უნდა, არ არის“, - აცხადებს თამარ გაბუნია, რომლის თქმითაც, აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულებზე. მაღალი რისკის ამ შემთხვევაში არიან ჩინეთიდან, განსაკუთრებით იმ პროვინციიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება.

„კარგი ამბავი არის ის, რომ ჩინეთმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა განკურნებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია. ექვსდღიანი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტი გამოეწერა სრულიად თავისუფალი ვირუსისგან, ორმა ანალიზმა დაადასტურა ეს, რაც ნამდვილად საიმედო ინფორმაციაა და ნიშნავს იმას, რომ ბევრ შემთხვევაში ვირუსი დაექვემდებარება მკურნალობას იმ ღონისძიებებით, რაც დღეს მედიცინისთვის ცნობილია. თუმცა ცნობილია, რომ ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დროულად მიიღებენ ვაქცინას და გამოიყენებენ მას მაღალი რისკის მქონე რეგიონებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG