Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო ინტერვიუს შემდეგ NPR-ის ჟურნალისტს სიცრუეში სდებს ბრალს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოს, NPR-ის ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ნაწყვეტები მათი საუბრიდან, რომლებიც ვირუსულად გავრცელდა.

NPR-ის ჟურნალისტმა, ლუიზ კელიმ, წამყვანმა გადაცემისა All Things Considered 24 იანვარს თქვა, პომპეო გაბრაზდა და ინტერვიუ შეწყვიტა, როცა დავუსვი კითხვა, რატომ არ დაიცვა აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, მარი იავონოვიჩი, რომელიც გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაათავისუფლაო.

კელის თანახმად, შემდეგ მას სთხოვეს მისულიყო პომპეოს კერძო ოთახში საუბრის გასაგრძელებლად, მაგრამ ხმის ჩამწერი აპარატურის გარეშე. კელი ამბობს, რომ პომპეო ყვიროდა, უცენზურო სიტყვების იყენებდა და თან ამბობდა, რომ ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის სად მდებარეობს უკრაინა.

კელი ყვება, რომ ამის შემდეგ პომპეომ ასისტენტებს სთხოვა მოეტანათ დაუნიშნავი მსოფლიო რუკა და კელის მოსთხოვა მასზე უკრაინა ეპოვა, რაც, კელის თქმით, მან სიზუსტით შეასრულა. კელის მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული ევროპის კვლევებში კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.

კელის თქმით, მისთვის არავის უთქვამს, რომ ოთახში გამართული ეს საუბარი არ იყო განკუთვნილი გამოქვეყნებისთვის. მან 24 იანვარს ტვიტერით აღწერა პომპეოსთან ეს შეხვედრა და მისი ტექსტი ვირუსულად გავრცელდა, ერთი კვირითა ადრე პომპეოს პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე უკრაინაში.

მედია აქტიურად აშუქებს შეხვედრის შესახებ კელის მონაყოლს. ასეთ ფონზე, პომპეომ საპასუხო მწვავე განცხადება გაავრცელა შემდეგ დღეს:

"NPR-ის რეპორტიორმა, მარი ლუიზ კელიმ ორჯერ მომატყუა. პირველად გასულ თვეში, ჩვენი ინტერვიუს დაგეგმვისას და მეორედ გუშინ, როცა დათანხმდა, რომ ინტერვიუს შემდეგ გამართული ჩვენი საუბარი არ იქნებოდა განკუთვნილი გასაჯაროებისთვის" - წერს პომპეო 25 იანვრის განცხადებაში.

პომპეო ამბობს, ეს "კიდევ ერთი მაგალითია" იმისა, რომ მედიას სურს ტრამპს ზიანი მიაყენოსო.

პომპეოს განცხადება მთავრდება ფრაზით: "მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბანგლადეში არ არის უკრაინა", რაც, შესაძლოა, იყოს მინიშნება იმაზე, თითქოს დაუნიშნავ რუკაზე კელიმ უკრაინის ნაცვლად ბანგლადეშს დაადო ხელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG