Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ტრამპის ჩანაწერი: რამდენ ხანს გაძლებს უკრაინა "რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში"


ვრცელდება 2018 წლის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სადილზე შეკრებილ დონორებს, მათ შორის ლევ პარნასს ეკითხება, რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

"რამდენ ხანს გაძლებენ რუსეთთან ომში?" - ისმის ტრამპის შეკითხვა ვიდეოჩანაწერის აუდიომონაკვეთში, რომელიც აშშ-ის მედიასაშუალებებმა, მათ შორის, ასოშიეტედ პრესმა და ABC News-მა, 24-25 იანვარს მოიპოვეს. ტრამპს ვიღაც პასუხობს: "უჩვენოდ დიდხანს არა". "უჩვენოდ", - იმეორებს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე სვამს შეკითხვას, თვლიდა თუ არა კიევი, რომ კარგად იქნებოდა რუსეთთან კონფლიქტში. "თვლიან, რომ კარგად იქნებიან, თუკი თქვენ მხარს დაუჭერთ", - პასუხობს ვიღაც. "ყოველთვის ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველას", - ამბობს ტრამპი, რომელიც შემდეგ ჩივის, რომ ევროპის ქვეყნები საკმარისს არ აკეთებენ პასუხისმგებლობის გასანაწილებლად.

2014 წლის შემდეგ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში ომს აწარმოებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან, კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებაც მოახდინა, მის ამ ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG