Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით PACE-ს მიმართავს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს, 27 იანვარს სტრასბურგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) ზამთრის სესიაზე.

დავით ზალკალიანი, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასამბლეას წარუდგენს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს. ზალკალიანი ისაუბრებს ევროპის საბჭოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:

ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;

დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს იმუშავებს. 28 იანვარს, ასამბლეას მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ილაპარაკებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

ზამთრის სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები უნდა აირჩიოს.

სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მინისტრთა კომიტეტის და საპარლამენტო ასამბლეის დამატებითი, ერთობლივი პროცედურა, რომელიც უნდა ამოქმედდეს ევროსაბჭოს რომელიმე წევრი ქვეყნის მიერ წესდების უხეშად დარღვევის შემთხვევაში.

დღის წესრიგშია პოლონეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, პოლიტპატიმრების პრობლემა აზერბაიჯანში, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დარღვევა თურქეთში და მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების პრობლემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG