Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება


საქართველოს საპროკურორო საბჭო დღეიდან, 27 იანვრიდან იწყებს ინდივიდუალურ გასაუბრებას გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ პირებთან. გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუკის გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

22 იანვარს კანდიდატურა მოხსნა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ და განაცხადა, რომ მხარს ირაკლი შოთაძეს უჭერს. შესაბამისად, საპროკურორო საბჭომ, 22 იანვარს გამართულ სხდომაზე დაადგინა პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 16 პირის ერთიანი სია.

ამასთან, საბჭომ სიაში შეყვანილ ორ პირს დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა განუსაზღვრა.

საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საბჭო ერთი კვირის ვადაში იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭოს წევრები არიან პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები და პარლამენტის დეპუტატები. 13-წევრიანი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარეა პროკურორი ნანა ხუნჯუა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG