Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 700-მდე ადამიანი დაავადდა


ჩინეთში 80-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით(2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი, ხოლო ინფიცირებულების 2794-მდე. ეს ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს გამოაქვეყნა ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა. მისი ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევებმა ერთ დღეში თითქმის 700-ით მოიმატა.

27 იანვრის მდგომარეობით, პნევმონიის გამომწვევი ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია ტაივანზე, ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, ნეპალში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებით ზომებს მიმართა. აიკრძალა გარეული ცხოველებით ვაჭრობა და კარანტინი გამოცხადდა საქონლის ყველა ფერმაში. მუშაობა შეაჩერეს „დისნეილენდის“ გასართობმა პარკებმა შანხაისა და ჰონ-კონგში.

უკვე რამდენიმე დღეა კარანტინის ქვეშ იმყოფება ჰუბეის პროვინციის 18 ქალაქში მცხოვრები 56 მილიონზე მეტი ადამიანი. ახალი საშიში ვირუსი დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა სწორედ ამ პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG