Accessibility links

logo-print logo-print

ოთარ კახიძე საპროკურორო საბჭოში მხოლოდ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას დაესწრება


ოთარ კახიძე

საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ეხება ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას. ოთარ კახიძე ამბობს, რომ აუცილებლად დაუსვამს შეკითხვებს ირაკლი შოთაძეს, „რომელსაც მოუწევს პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას“.

ეს განცხადება ოთარ კახიძემ გენერალურ პროკურატურასთან გააკეთა. მისი შეფასებით, პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, წარმოდგენა, თითქოს საპროკურორო საბჭო ირჩევს კანდიდატს.

„სინამდვილეში კანდიდატს ირჩევს თავად ბიძინა ივანიშვილი. და ეს ყველაფერი, მთელი ეს პროცედურა ვითომ კანდიდატების დასახელების და შემდგომ შერჩევის, არის ფარსი და არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან, არავითარი კავშირი არ აქვს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევასთან. შესაბამისად მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. მას ეჭვი არ ეპარება, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძეს აბრუნებენ.

საქართველოს საპროკურორო საბჭო დღეიდან, 27 იანვრიდან იწყებს ინდივიდუალურ გასაუბრებას გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ პირებთან. გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუკის გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG