Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენპროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება ვიქტორ ახალბედაშვილით დაიწყო


ამ წუთებში საპროკურორო საბჭოში მიმდინარეობს ინდივიდუალური გასაუბრება გენერალური პროკურორობის კანდიდატთან, ვიქტორ ახალბედაშვილთან, რომელმაც საბჭოს უკვე მიმართა შესავალი სიტყვით, ამ ეტაპზე კი შეკითხვებს პასუხობს.

„ეს ძალიან პასუხისმგებლობაცაა, გამოცდილებაც და გამოწვევაც ყველა იურისტისათვის. შევეცდები გავუწიო კონკურენცია სხვა ღირსეულ კანდიდატებს. ვფიქრობ, პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი, ხოლო მისი მუშაობა გამჭვირვალე. თუმცა აბსოლუტური საჯაროობა გამოძიების პროცესს არ წაადგება, ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცემა იმ დოზით, რომ არც საქმის წარმოების პროცესი დაზარალდეს და საზოგადოებაც ინფორმირებული იყოს“, - განაცხადა ახალბედაშვილმა.

კითხვაზე, როგორ გესმით დამოუკიდებლობა - ეს ნიშნავს მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებლობას თუ საზოგადოებრივი აზრისგან დამოუკიდებლობასაცო, ახალბედაშვილმა უპასუხა, რომ „დამოუკიდებლობა ნიშნავს აბსოლუტურ დამოუკიდებლობას“ და ნებისმიერი მხრიდან ზემოქმედება არის მიუღებელი.

კითხვაზე, თუ რატომ დატოვა თავის დროზე ახალბედაშვილმა პროკურატურა, მან უპასუხა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, თუმცა რა განწყობა იდგა ამ გადაწყვეტილების უკან, ამ საკითხზე დეტალურად საუბარი ღია ფორმატში არ ისურვა. ასევე აღნიშნა, რომ მას ყოველთვის სურდა იქ დაბრუნება და ამჯერად ამის შესაძლებლობა მიეცა.

ვიქტორ ახალბედაშვილს ასევე ჰკითხეს: თქვენი ძმა არის მოსამართლე. დავუშვათ, იხილება რეზონანსური საქმე, რომელიც პირდაპირ ურტყამს თქვენს სამსახურს, ეს საქმე ეწერება თქვენს ძმას ან მის მეგობარ მოსამართლეს. როგორ მოქცევით? გამოიყენებთ პირად კავშირებს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება თქვეთვის სასურველი იყოს? რამდენად ეცდებით, სასამართლო მოაქციოთ თქვენი გავლენის ქვეშ?

„ჩემი მორალური შეხედულებები არ მომცემს ამის უფლებას“, - უპასუხა ახალბედაშვილმა.

იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი 1981 წელს არის დაბადებული. დამთავრებული აქვს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ამჟამად არის „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მისი კანდიდატურა წარადგინა აიპ „უფლებათა დაცვის ცენტრმა“.

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG