Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს


დაძაბულობაა საკრებულოს შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საკრებულოს შენობასთან ნაგვის ურნა მიიტანეს. ურნას საკრებულოს იმ დეპუტატთა ფოტოები მიაკრეს, რომლებიც, მათი თქმით,„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აქციის მონაწილეები საკრებულოდან ამ დეპუტატთა გარიცხვას ითხოვენ.

ისინი ცდილობდნენ, ნაგვის ურნა საკრებულოს შენობაში შეეტანაც, რასაც დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობა მოჰყვა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობს. მათი თქმით, ამ დრომდე არ დამდგარა იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხული არიან ინციდენტში მონაწილე პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG