Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის წევრი ამერიკელ კონგრესმენებს წერილს უგზავნის


პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი
პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი იზიარებს საქართველოს მთავრობისადმი რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენის და სენატორის ბოლოდროინდელი კრიტიკული წერილების იმ ნაწილს, რომელიც ეხება ხელისუფლების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის დარღვევას და კანონის უზენაესობის გარანტიების არარსებობას.

„მაგრამ ეს საკითხები უნდა გავმიჯნოთ ამერიკული კომპანიების საქმიანობიდან გამოწვეული საკითხებისგან გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულად, რიგი წერილებისა ატარებდა იმ ხასიათს, რომ თითქოს ისინი მიმართული იყვნენ ამერიკული კომპანიების ინტერესების მხარდასაჭერად მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი საქართველოში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა პარლამენტში დღეს, 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის ინფორმაციით, ამერიკელ კონგრესმენებს დღეს გაუგზავნის წერილს, რომელშიც მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს: „ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ქართველ მშრომელებს. როცა კომპანია „ფრონტერას“ მხარდაჭერაზეა საუბარი, კარგად უნდა შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა“.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებითვე, „ფრონტერამ“ 11 თვის ხელფასი არ გადაუხადა კომპანიაში დასაქმებულ 84 მოქალაქეს და როცა მათ საპროტესტო აქცია გამართეს, სამსახურიდან დაითხოვა: „აი, ასეთი კომპანიების უპირობო მხარდაჭერა, პირიქით, ჩრდილს აყენებს იმ პათოსს და ხასიათს, რომელსაც ის წერილები ატარებდა და მომავალში ვთხოვ კონგრესმენებს, როდესაც დემოკრატიის სახელით გააკეთებენ ასეთ განცხადებას, აგრეთვე, მოუწოდონ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიებს, რომ პატივი სცენ საქართველოში ადამიანის უფლებებს და საქართველოს სახელმწიფოს კანონის უზენაესობას“.

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველო არ არის კოლონია, სადაც უცხო ქვეყნის კომპანიებმა ფული უნდა აკეთონ მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე.

საქართველოს პარლამენტის წევრი ამერიკელ კანონმდებლებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ყურადღება გაამახვილეს დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევაზე საქართველოში, მაგრამ მოითხოვს, რომ შემდეგ წერილებში დააყენონ ადამიანის უფლებების დამრღვევი ამერიკული კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხიც.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდა „ფრონტერას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული, დედოფლისწყაროელი ლევან გურაშვილი. მისი განცხადებით, კომპანიისგან 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. გურაშვილის ინფორმაციით, სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლები და მათი ოჯახები გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვეღარ იხდიან გაზის და ელექტროენერგიის გადასახადს და საბანკო კრედიტებს. ლევან გურაშვილის თქმით, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 600 ლარი იყო. „ფრონტერას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულები ყურადღებას სახელმწიფოსგანაც მოითხოვენ.

„რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენებისგან გამოგზავნილ წერილებს და იმას, რომ სახელმწიფო ხელს უშლის მუშაობაში, ამერიკაში თერთმეტი საათი რომ ამუშაოს მუშა და არ გადაუხადოს, მასეთი რამე არ ყოფილა და არც იქნება. თერთმეტი თვეა არ გადაუხდია და აქეთ რაღაცეებს იწერებიან“, - განაცხადა ლევან გურაშვილმა.

„ფრონტერას“ შესახებ საუბარი იყო კონგრესმენ მალინის წერილში, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ გახარიას გაუგზავნა.

ამერიკული „ფრონტერა“ საქართველოს ბაზარზეა 1997 წლიდან. მისი და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფუძნებული კომპანია კახეთის რეგიონში აწარმოებდა ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს.

ამჟამად მხარეებს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ამერიკული „ფრონტერასგან“ მოითხოვს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას. თავის მხრივ, „ფრონტერა“ მოითხოვს 3.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG