Accessibility links

site logo site logo

ვიქტორ ახალბედაშვილი: კრიტერიუმების გარეშე სამართლიანობის აღდგენის პროცესი ვერ დასრულდება


საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურის პოსტზე წარდგენილი 17 კანდიდატიდან ერთ-ერთთან, ვიქტორ ახალბედაშვილთან ინდივიდუალური გასაუბრება კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ იმატა ბოლო დროს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ, ვიქტორ ახალბედაშვილმა განაცხადა, რომ აქ ინდიკატორი არის სასამართლოს მაღალი სტანდარტი მტკიცებულებების განხილვის თვალსაზრისით, რამაც გაართულა პროკურატურის ამოცანები და დღეს გამოძიებას ამ თვალსაზრისით მეტი ძალისხმევა სჭირდება.

გენპროკურორობის კანდიდატს ჰკითხეს ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, თუ უფიქრია ამ კუთხით და როგორ წარმოუდგენია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რასაც ასობით ადამიანი ელის. რას გააკეთებს, თუ გენერალური პროკურორი გახდება?

ვიქტორ ახალბედაშვილმა თქვა, რომ ძალიან რთულია გამოძიება მაშინ, როცა დიდი დროა გასული, თუმცა, მისი შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი ღიად უნდა დარჩეს და პროკურატურა იყოს უმოქმედოდ.

„ვფიქრობ, საჭიროა განვსაზღვროთ კონკრეტული კრიტერიუმები, რა შემთხვევაში უნდა შევისწავლოთ ესა თუ ის ძველი საქმე და დაიწყოს გამოძიება. ამ კრიტერიუმებზე უნდა შევჯერდეთ. სხვანაირად შეუძლებელი იქნება ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ახალბედაშვილმა.

იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი 1981 წელს არის დაბადებული. დამთავრებული აქვს თსუ-ის იურიდიული ფაკულტყეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ამჟამად არის „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მისი კანდიდატურა წარადგინა აიპ „უფლებათა დაცვის ცენტრმა“.

გენპროკურორის პოსტზე სულ 17 კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG