Accessibility links

logo-print logo-print

კალაძე: საარჩევნო წელია და მოვუწოდებ ჩვენს თანაგუნდელებს, არ აყვნენ დაგეგმილ პროვოკაციებს


კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც, მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო წლის განმავლობაში მრავლად იქნება.

თბილისის მერმა ეს განცხადება მედიასთან თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტის შეფასებისას გააკეთა:

„შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა წელს საარჩევნო წელია და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება მათი მხრიდან დაგეგმილი ასეთი პროვოკაციები. ყველას მინდა მოვუწოდო, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. არ აყვნენ პროვოკაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მან 27 იანვარს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებზე დაუშვებელია:

„ზოგადად ფაქტს რაც შეეხება, ცემის ფაქტს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია და ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა, თუმცა ასევე ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ეს ყველანაირ პოლიტიკას სცდება.

ჩვენ შეგვიძლია ვიდებატოთ, შევიდეთ პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, ვართ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ცხადია, ყველას ვერ გვექნება ერთნაირი შეხედულებები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, მათ შორის, ფიზიკური ძალადობაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

24 იანვარს თბილისის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG