Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: პირველად თავმჯდომარეობის ფარგლებში, მექნება შესაძლებლობა მივმართო PACE-ს


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პირველად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგენს საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ზალკალიანი ისაუბრებს ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და უპასუხებს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს:

„ბუნებრივია, ის 4 პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, დემოკრატიის განვითარება განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობით, იქნება ფართოდ გაშლილი“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. იგი აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გააცნობს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში გასამართ ღონისძიებებს და ისაუბრებს უკვე გამართულ ღონისძიებებზეც: ​

„ნოემბრის შემდეგ ჩვენ უკვე რამდენიმე ღონისძიება გავმართეთ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში და ასევე, თბილისში, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ვუმასპინძლეთ დიასპორული ორგანიზაციების შეკრებას.

უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, მრგვალი მაგიდები, კონფერენციები, სემინარები, რომლებიც მიეძღვნება ამ პრიორიტეტებს, მე მექნება ასევე საუბარი სხვა მიმართულებებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც აქტუალურია ამ ორგანიზაციისთვის და ყველა ამ ძირითად მიმართულებაზე, ბუნებრივია, გავაკეთებ აქცენტებს, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ პარლამენტარებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდეს დებატები და ვუპასუხო მათთვის საინტერესო ყველა კითხვას“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ აპირებს, თავმჯდომარის გადმოსახედიდან და არა ეროვნული პოზიციებიდან ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც:

„მე ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, ისეთი აქცენტები უნდა გავაკეთო, როგორც შეეფერება თავმჯდომარეს და არა ეროვნული პოზიციიდან, მინდა ასევე იცოდეთ, რომ ხვალ დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა საპარლამენტო ასამბლეაზე და პრეზიდენტი უკვე ეროვნული პოზიციიდან წარსდგება და ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს ფართოდ ოკუპაციაზე, ასევე საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე, ბორდერიზაციაზე, იმაზე, თუ რა ჰუმანიტარულ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი მოსახლეობა და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთლიანად ყოვლისმომცველი მიმოხილვა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს იმუშავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG