Accessibility links

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს PACE-ს კომიტეტები განიხილავენ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვა მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტებს გადაეცა.

ასამბლეამ გადაწყვეტილება დღეს, 27 იანვარს სტრასბურგში მიიღო ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე. რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი სადავოდ აქციეს ლიეტუვის და ლატვიის დელეგაციებმა.

ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა საფუძვლად დაასახელა ის ფაქტი, რომ სულ ახლახან, რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გადაწყვიტა ბალანსის დარღვევა ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში აღარ იმოქმედებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, რუსეთს არ შეუსრულებია ასამბლეის რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს და უკრაინის მიმართ.

ლატვიელმა დეპუტატმა მარია გოლუბევამ კი რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ აქცია იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ანექსირებული ყირიმიდან უკანონოდ არჩეული დეპუტატები.

ლიეტუვის და ლატვიის მოთხოვნებს მხარი დაუჭირეს საქართველოს და უკრაინის საპარლამენტო დლეგაციებმა.

სანამ შესაბამისი კომიტეტები დასკვნებს მოამზადებენ, რუსეთის დელეგაციას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სხდომებში და კენჭისყრებში, გარდა მისი უფლებამოსილების საკითხის კენჭისყრისა.

PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველი სესიის დაწყების წინ, ეროვნულმა დელეგაციებმა უნდა წარადგინონ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის განაცხადი. უფლებამოსილება ავტომატურად მტკიცდება, თუ რომელიმე ქვეყნის დელეგაცია ამას სადავოდ არ გახდის.

რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG