Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძის თქმით, მიუღებელია „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენების ტონი


საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ეხმაურება პრემიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ კონგრესმენების წერილებს.

„პირველ რიგში უნდა გავყოთ ორად: ერთი მხრივ, საუბარია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილზე და მეორე მხრივ - ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილზე, რომელიც შეეხებოდა ერთ კონკრეტულ სამართლებრივ დავას.

თავად კონგრესმენები მიუთითებენ იმ კომპანიის სახელსაც, ასე რომ, მე თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს შეეხება კონკრეტულად კომპანია „ფრონტერას“ და იმ სამართლებრივ დავას, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანიას აქვს წლების განმავლობაში.

ის ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

ამ საკითხის შესახებ ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც.

აშშ-ის კონგრესში არის არაერთი პოლიტიკოსი, რომლებიც წარმოადგენენ, და სწორედ, აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, საკუთარ სამომრჩევლო ოლქს. შესაბამისად, ის კომპანია („ფრონტერა“) აქტიურია და მისი წარმომავლობის ადგილი არის ტეხასი და ოკლაჰომა, ამ კონგრესმენებს [წერილების ავტორებს] კი აქვთ ინტერესი, მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომლებსაც სამართლებრივი დავა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან.

ამ კონტექსტში ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი წერილი, რეზოლუციის პროექტი, მათ შორის, საკანონმდებლო აქტის პროექტიც კი იყო ორჯერ წარდგენილი, საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც, რასაკვირველია, არანაირი ლოგიკური გაგრძელება აშშ-ის კონგრესში არ მოჰყოლია“, - თქვა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში დავით ბაქრაძემ.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ საელჩო ყოველთვის გახსნილია კონგრესთან ურთიერთობაში, თუმცა ერთ-ერთ წერილში მოცემული უზუსტობების შესახებ მიუთითებს.

„ამ თვალსაზრისით ჩვენ არაერთი ინიციატივა გვაქვს, რომელიც შემდეგ სამაგალითო გახდა სხვა საელჩოებისთვის. ჩვენ ნამდვილად არ განვიცდით კომუნიკაციის ნაკლებობას. ამ შემთხვევაში მინდა გადავერთო საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელობის წერილზე: ის ფაქტობრივი უზუსტობები, თვლადი კრიტერიუმებითაც დანახული უზუსტობები, რომელიც წერილშია, შეეხებოდა ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, რომლის მაჩვენებელიც ჩვენ ძალიან მაღალი გვაქვს რეგიონში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით. შეეხებოდა ეს ინვესტიციების რაოდენობას თუ საქართველოს ანტიდასავლურ კურსთან რაიმე კითხვებს, ფაქტობრივი პირდაპირი უზუსტობა იყო წერილში.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ის ხალხი, ვინც ინფორმაციას აწვდის აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრებს, ძალიან უხერხულობაში აყენებენ სწორედ მათ. ისინი გარკვეულ არაზუსტ ინფორმაციაზე აწერენ ხელს. თუმცა ჩვენ, ამ მხრივ, გახსნილობის პრობლემა არ გვაქვს, უკვე დაწყებული გვაქვს, როგორც სამუშაო დონეზე, ისე კომიტეტის დონეზე... სრულად და ზუსტ ინფორმაციას დავანახებთ, იმ უზუსტობებს, რაც წერილში იყო“, - ამბობს ელჩი.

„ფრონტერას“ შესახებ საუბარი იყო კონგრესმენ მალინის წერილში, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ გახარიას გაუგზავნა.

ამერიკული „ფრონტერა“ საქართველოს ბაზარზეა 1997 წლიდან. მისი და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფუძნებული კომპანია კახეთის რეგიონში აწარმოებდა ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს.

ამჟამად მხარეებს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ამერიკული „ფრონტერასგან“ მოითხოვს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას. თავის მხრივ, „ფრონტერა“ მოითხოვს 3.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას.

მანამდე კი, 22 იანვარს, საქართველოს მთავრობამ „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილი, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

წერილს ხელს აწერენ საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი, ასევე საგარეო კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და იმავე კომიტეტის მთავარი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG