Accessibility links

ხშირად ის, რასაც საჯაროდ ისმენთ, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც კერძო საუბრებში გვეუბნებიან - ინტერვიუ ლორა თორნტონთან


რადიო თავისუფლება: NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ხშირად მოჰყოლია ხოლმე სკეპტიკური კომენტარები პოლიტიკოსთა მხრიდან. თქვენ, როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, რას იტყოდით, შეიცვალა თუ არა ეჭვის ინტენსივობა წლების განმავლობაში? როგორია ტენდენცია?

ლორა თორნტონი: როდესაც პირველად ჩამოვედი, 5 წლის წინათ, მგონი უარესი ვითარება იყო - კვლევების მიმართ უფრო ხშირი იყო სკეპტიკური გამონათქვამები. კითხვები, რომლებსაც თავიდან ვიღებდით, უფრო არაინფორმირებული იყო ხოლმე. ახლა კი გაცილებით უკეთ ესმით, თუ რა არის შერჩევა, რას ნიშნავს, როდესაც მონაცემი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია...

რაც შეეხება კრიტიკას თავად გამოკითხვების შედეგის მიმართ, ეს, ჩემი აზრით, იმაზეცაა დამოკიდებული, გრძნობს თუ არა თავს მოწყვლადად პოლიტიკური ინტერესების მქონე ესა თუ ის ჯგუფი. თუ კი, მაშინ მეტს უტევენ... ეს წლიდან წლამდე იცვლება. ზოგი კვლევაა, რომელსაც მაინცდამაინც არავინ აკრიტიკებს და შემდეგს კი დიდი ამბავი მოჰყვება ხოლმე.

ყველაზე გულის გასატეხი კი ისეთი შემთხვევებია ხოლმე, როდესაც ინდივიდთან კულუარულად ვმუშაობთ კვლევებთან დაკავშირებით, ის გვთხოვს მეტი გამოკითხვის ჩატარებას და შემდეგ, როდესაც კვლევის შედეგები ქვეყნდება, საჯაროდ აკრიტიკებს მას. ხშირად, რასაც საჯაროდ ისმენთ, ძალიან განსხვავდება ხოლმე იმისგან, რასაც კერძო საუბრებში გვეუბნებიან.

რადიო თავისუფლება: ბოლო დროს გაისმა ბრალდებები პირადად თქვენ წინააღმდეგ, რომ ფულს იღებთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან. როგორ უპასუხებთ მსგავს განცხადებებს?

ლორა თორნტონი: აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს ჩვენ კორუმპირებულები ვიყოთ. იმ ხალხმა, ვინც მსგავს ბრალდებებს აყენებს, ჯერ რაიმე სამხილი უნდა წარმოადგინონ და მერე ილაპარაკონ, რადგან ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა.

ჩვენ ვქმნით კითხვარს, შემდეგ კი მის ჩატარებას ვუკვეთავთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია CRRC-ს. გამოკითხვის ჩატარებაში არავინ ერევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყველაა ჩართული - შეკითხვების შემუშავებისას. ამ ეტაპზე ყველას ვხვდებით ხოლმე - მთავრობის მესვეურებს, პარლამენტის წარმომადგენლებს და, ასევე, ოპოზიციას. მაგრამ მათი ჩართულობა აქ მთავრდება.

ჩვენ ხშირად ვისმენთ ბრალდებებს ჩვენი პარტნიორის, CRRC-ს წინააღმდეგ. ეს ჩემთვის გასაოცარია, რადგან არავის წარმოუდგენია სულ მცირედი სამხილიც კი იმისა, რომ ამ ორგანიზაციას რაიმე გაუკეთებია არასწორად. მერწმუნეთ, რაიმე საფუძველიც რომ მქონდეს, ცხადია, ამ საკითხს გამოვიძიებდი - ჩამიტარებია კიდევაც გამოკითხვების აუდიტი.

რადიო თავისუფლება: იქნებ ზოგადად გვითხრათ, თუ რას ემსახურება NDI-ის მიერ პერიოდულად ჩატარებული გამოკითხვები?

ლორა თორნტონი: NDI-ს საქართველოში ბევრი პროგრამა აქვს. ორგანიზაციის ძირითადი მისია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წახალისებაა. ამ, ძალიან ფართო მასშტაბის მანდატის ფარგლებში ვმუშაობთ პარლამენტთან, როგორც ინსტიტუტთან და მის ინდივიდუალურ წევრებთან. ვთანამშრომლობთ თვითმმართველობასთან, საკრებულოებთან, მერიებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან... საქართველოში ბევრი სხვადასხვა პროგრამა გვაქვს.

კვლევებიც და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც სწორედ ამ მანდატის ნაწილია. იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა ქართული საზოგადოების საჭიროებებზე იყოს მორგებული, ჯერ ეს საჭიროებები უნდა ვიცოდეთ. ამის გასაგებად კი ყველაზე კარგი გზა კვლევებია. ამიტომ ვატარებთ გამოკითხვებს ყოველ 3-4 თვეში ერთხელ და ფოკუსჯგუფებსაც ვაწყობთ...

სხვათა შორის, ამ კვლევებს ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვატარებთ. მაგალითად, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, რათა, მაგალითად, ისეთი შეკითხვები შევიმუშაოთ გამოკითხვისთვის, რომლებიც მათ კომიტეტს წაადგება. ბევრი რამ, რასაც ვაკეთებთ, ხდება თანამშრომლობით ჩვენს პარტნიორებთან, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG