Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის გადატრიალების ჰიბრიდული არსი


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

გასული კვირის ბოლოს ქალაქ კაპანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, დაადასტურა ერთ-ერთ სომხურ გამოცემაში გამოქვეყნებული ცნობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ, რომელშიც, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების გარდა, ფაშინიანის ინფორმაციით, ჩართული იყო ასევე „კრიმინალური სამყარო“ და მედია.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ეს საფრთხე რამდენიმე თვის წინ სრულიად აღკვეთეს ეროვნული უშიშროების სამსახურმა და პოლიციამ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამ ხმაურიან განცხადებას ახალი კვირის დასაწყისში უკვე ხელისუფლების ოპონენტთა საპასუხო ბრალდებები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფაშინიანის ყოფნის მიზანშეწონილობის კითხვის ქვეშ დაყენება მოჰყვა.

რა შუაშია მდიდრული ავტოკალამი?

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ თავისი ოპონენტების ანტიკონსტიტუციური განზრახვა ნიკოლ ფაშინიანმა შეადარა „ჰიბრიდულ ომს“, რომელიც, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, „ჰიბრიდული გადატრიალების“ მსგავსად, ნამდვილად ხდება, მაგრამ მას არავინ ამჩნევს, ვინაიდან არაკონვენციური მეთოდებით ხდება.

„მაგალითად, ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია ათეულობით მილიონი დოლარი, რომელიც იხარჯება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში სომხეთის ხელისუფლებაზე, მაღალი რანგის მოხელეებსა და მათ ოჯახებზე ცრუ ინფორმაციების გასავრცელებლად. ამასთან, ეს ხდება დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებისა და სხვადასხვა კორუმპირებული პირების ჩართვით. და რატომ იწოდება ეს პროცესი „გადატრიალებად“? იმიტომ რომ ამ პროცესის მსვლელობაში ჩართული არიან მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ“, - განაცხადა 25 იანვარს ნიკოლ ფაშინიანმა და მინიშნება გააკეთა სასამართლო ხელისუფლების, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობაზე.

მოულოდნელი ეს არავისთვის იყო, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა 27 იანვარს თავისი ფეისბუკის მეშვეობით ორგანიზებული პირდაპირი ეთერის საშუალებით დააზუსტა, რომ მხედელობაში ჰყავს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰრაირ ტოვმასიანი.

იმის საჩვენებლად, რომ „ეშმაკი დეტალებში“ იმალება, ნიკოლ ფაშინიანმა აჩვენა მდიდრული ავტოკალამი, რომელიც 2018 წელს მას აჩუქა ჰრაირ ტოვმასიანმა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სურდა დაემტკიცებინა თავისი ლოიალობა ფაშინიანისა და სომხეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი.

მაგრამ ნიკოლ ფაშინიანი მალე დარწმუნდა, რომ ტოვმასიანი ლოიალობას მხოლოდ თამაშობდა, მარიონეტული საკონსტიტუციო სასამართლო კი მას ხელს უშლიდა რევოლუციური იდეალების რეალიზებაში.

„მე მივედი დასკვნამდე, რომ შეუძლებელია მოხვიდე ხელისუფლებაში სიყვარულით, რევოლუციითა და სოლიდარობით და გყავდეს მარიონეტული საკონსტიტუციო სასამართლო. მთელი ეს ინფორმაცია დეტალურად იყო ცნობილი სამი ადამიანისთვის. დღეს ორი მათგანი არა მხოლოდ ოპოზიციაში იმყოფება, არამედ აშკარად მტრულად არის განწყობილი მოქმედი ხელისუფლებისა და ჩემ წინააღმდეგ, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო“, - აცხადებს ფაშინიანი.

ფაშინიანმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაადანაშაულა სომხეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანო ქმედებაში, რაც გამოიხატება იმით, რომ ამ პროცესს „პოლიტიკურ დევნად“ წარმოაჩენენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ოპონენტები „ემოციური და აგრესიული“ ფაშინიანის წინააღმდეგ

მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებებს უპასუხოდ არ ტოვებენ არც სომხეთის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და არც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

ნიკოლ ფაშინიანის ერთ-ერთმა მთავარმა ოპონენტმა, ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, არტურ ვანეციანმა, მმართველ პარტიას მოუწოდა „სერიოზულად დაფიქრდეს“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურის წამოყენებაზე.


"ქვეყნის ემოციურმა და აგრესიულმა ხელმძღვანელობამ შესაძლოა წარმოშვას საფრთხე და უკიდურესად უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, გუშინდელი და დღევანდელი პრესკონფერენციების შემდეგ ვფიქრობ, რომ აუცილებლად საჭიროა მათი რიგებიდან ახალი კანდიდატურის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე“, - დაწერა სოციალურ ქსელში არტურ ვანეციანმა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ თავად დანიშნა, ერთი წლის თავზე კი გაათავისუფლა ამ თანამდებობიდან.



სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ჰრაირ ტოვმასიანმა, თავის ადვოკატებს დაავალა სარჩელის მომზადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰრაირ ტოვმასიანი მისი იმიჯის შემლახველ „არაპროპორციულ თავდასხმად“ მიიჩნევს ნიკოლ ფაშინიანის ქმედებას და დაგვავალა სარჩელი მოვამზადოთ“, - განაცხადა ადვოკატმა ამრამ მაკინიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG